გორში „ფეშენ ვიკი“ გაიმართება, რომელიც ოკუპაციის საკითხს გამოეხმაურება
20 - 21 და 22 ივლისს ქალაქ გორში “მსოფლიო პროექტი რეგიონ ფეშენ ვიკი” გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის ორგანიზატორმა, იოსებ კავკავაშვილმა აცნობა. კავკავაშვილის თქმით, ფესტივალი პირველად გორში გაიმართება და მოგვიანებით სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

„პროექტის ფარგლებში 15 ქართველი და 5 უცხოელი დიზაინერი გორის მუნიციპალიტეტში ჩვენებებს გამართავს.

„რეგიონ ფეშენ ვიკი“, ფესტივალი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც აქტუალურ თემას მიეძღვნება და ოკუპაციის და საქართელოს ერთიანობის საკითხს გამოეხმაურება. მოწვეული დიზაინერები, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებენ. ამ ყოველივეს კი, საკუთარ კოლექციებში და პერფორმანსებში ასახავენ. დიზაინერების ჩვენებები და პერფორმანსები კვირეულის ფარგლებში ე.წ. საზღვრისპირა სოფელშიც გაიმართება.“ - აცხადებს სოსო კავკავაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პირველ დღეს გორის ცენტრში მოეწყობა 15 მეტრიანი პოდიუმი, სადაც 5 დიზაინერი წარმოადგენს საკუთარ კოლექციას. ამ დიზაინერებს შორის 3 გორელია, ნინო ქარქუსაშვილი, მარიამ პაპიტაშვილი და სოფიო თუაევი.

ამავე ღონისძიებაზე იმღერებენ: ირმა სოხაძე, გიორგი შალვაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი. სოსო კავკავაშვილის თქმით, ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა შემსრულებლებთან.

მეორე დღეს ჩვენება გაიმართება სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან. წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსი და პაატა თედიაშვილის პერფორმანსი.

მესამე დღეს კი, გორის ციხეზე მოეწყობა ჩვენება.

,,ამის მერე, თეატრში გადავინაცვლებთ, სადაც საბავშვო ჩვენება გაიმართება. პატარებს ევროკავშირის და საქართველოს დროშის ფერებში ეცმევათ სამოსი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი დიზაინერები უკრაინაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიებას საერთო ჯამში დაესწრება 250 მოწვეული სტუმარი.“-აცხადებს სოსო კავკავაშვილი, რომელიც ასევე გვეუბნება, რომ მსგავსი სახის ფესტივალი მსოფლიოს 30 ქვეყანაში უკვე იმართება და საქართველოში „რეგიონ ფეშენ ვიკის“ ჩატარებვის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მათ აქვთ.

ფესტივალის მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები