სიმონ ნოზაძე: თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დადასტურდა, უნდა დაისაჯნონ პოლიციელები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ თუ პოლიციელებმა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, უნდა დაისაჯონ. ნოზაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პრივილეგიებით არავინ არ უნდა სარგებლობდეს.

,,კონკრეტულად ეს ფაქტი არ ვიცი, არ მინახავს კადრები. რაც შეეხება ზოგადად ჟურნალისტის საქმიანობს, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ თავისუფლად. თუ ნამდვილად იყო ხელშეშლის ფაქტი, ამით უნდა დაინტერესდეს გენერალური ინსპექცია და დაიწყოს გამოძიება. თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დადასტურდა, უნდა დაისაჯონ პოლიციელები კანონის შესაბამისად, რადგან, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პრვილეგიებით არავინ არ უნდა სარგებლობდეს. ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ იცით, მე ყოველთვის ჟურნალისტების მხარეს ვარ" - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, 10 ივნისის ღამეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ საბა წიწიკაშვილს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ფაქტი ცენტრალურ მაგისტრალზე იმ დროს მოხდა, როდესაც წიწიკაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. საბა წიწიკაშვილი გუშინ გამოკითხეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები