პროკურორი: ,,პოლიციის მანქანის გატაცების ფაქტზე ვიდეოჩანაწერები ჯერ არ გვაქვს"
პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს, 17-წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ დადეშქელიანმა დღეს საღამოს მიიღო.

პროკურატურამ, 17-წლის მოზარდს მანქანის გატაცებასთან ერთად, ძარცვის მცდელობისა და ძარცვის მუხლით წაუყენა ბრალი. პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა იმ მიკროავტობუსის ძარცვა სცადა, რომელსაც ავტობანზე დაეჯახა.

პროკურორ ნათია კიკალიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მეორე ნაწილის ,,ა"; მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,ე" ქვეპუნქტით. ასევე, მეოთხე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

პოლიციის ვერსიით, ავტომანქანა ბრალდებულმა გურამიშვილის ქუჩიდან გაიტაცა. გაიარა წმინდაწყლის დასახლება - ცხინვალის გზატკეცილი. გავიდა ავტობანზე, სადაც მიკროავტობუსს დაეჯახა და ამობრუნდა. მიკროავტობუსსა და ამობრუნებულ მანქანას შორის საკმაო მანძილია. გამოძიების ვერსიით, სწორედ, ამ მიკროავტობუსის მძღოლმა და მისმა მგზავრმა ნახა ბრალდებული მანქანაში.

სახაზინო ადვოკატი ქეთევან გაგოევი აცხადებს, რომ იმ ქუჩის დასახელებისგან, გაუთქმელობის პრინციპით, თავს შეიკავებს, საიდანაც მანქანა გაიტაცეს.

,,მოსამართლემ გვითხრა, რომ რაც დახურულ პროცესზე იქნებოდა გაცხადებული, ეს ინფორმაცია არ გასულიყო გარეთ. ამიტომ, ვერ გეტყვით, თუ რომელი ქუჩიდან არის გატაცებული მანქანა" - აცხადებს სახაზინო ადვოკატი.

პროკურორი ნათია კიკალია გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას არანაირი ვიდეოჩანაწერები აქვს, რომლითაც დასტურდება მანქანის გატაცების ფაქტი: ,,გამოძიება მიმდინარეობს, ჩანაწერები ჯერ საქმეში არ არის, თუმცა იქნება" - გვითხრა ნათია კიკალიამ.

შეგახსენებთ, 10 ივნისს, გამთენიისას, ქართლი.ჯი-მ გადაიღო ამოტრიალებული მანქანა, რომელიც საპატრულო პოლიციას ეკუთვნის. ამ მანქანის გადაღების უფლებას პოლიციელები ჟურნალისტს არ აძლევდნენ. მეორე დღეს, სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა გატაცებული იყო, თანაც არასრულწლოვნის მიერ. არასრულწლოვანი 12 საათის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.


იხ. ამავე თემაზე:

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს

პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

შსს: პოლიციის მანქანა გაიტაცა არასრულწლოვანმა

Print

სტატიის გამოყენების პირობები