გორში კომედიის ფესტივალი დღეს დასრულდება
კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს, რუსთავის თეატრის სპექტაკლით - ,,დონ ჟუანი``დაიხურება, რომლის რეჟისორი სოსო ნემსაძეა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრიდან აცნობეს. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება და ამის შემდეგ მოეწყობა დახურვის ცერემონია, სადაც წარმოდგენილი იქნება "ცეცხლის შოუ". კომედიის ფესტივალს ათი დღის განმავლობაში ერისთავის თეატრთან ერთად გორის კულტურის ცენტრიც მასპინძლობდა და მასში მონაწილეობა მარჯანიშვილის, ბუქარესტის კომედიის თეატრის, ჭიათურის, ქუთაისის, მოძრაობის, მოზარდმაყურებელთა, ილიაუნის, დმანისის, თუმანიშვილის და რუსთავის თეატრის დასებმა მიიღეს. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ „Black Box“-ია” რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური -თამარ კიკნაველიძე, დავით ბუხრიკიძე, ხათუნა წულაძე, ნინო გაბრავა და თაკო შუკაკიძე აფასებდა, თეატრმცოდნეები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები