ახალი ამბები
სურამის მცხოვრები: ,,სურამულას გასაწმენდმა კალაპოტმა გველების მომრავლება გამოიწვია“
თითქმის ერთი თვეა რაც სურამში ტურისტული სეზონი დაიწყო. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მცოვრებმა, დოდო ხორჩილავამ განუცხადა,  გასული წლების მსგავსად დაბა დამსვენებელს წელსაც პრობლემებით ხვდება. ხორჩილავა Qartli.ge-სთან  საუბრისას ამბობს, გასაწმენდია მდინარე სურამულას კალაპოტი, რაც ანტისანიტარიას იწვევს. სწორედ ამიტომ, დაბაში ქვეწარმავალი მომრავლდა.

"კალაპოტი საშინლად გასაწმენდია, თავად მოსახლეობაც ყრის ნარჩენებს, მაგრამ გაწმენდა ხომ უნდა? 2014 წლის შემდეგ მდინარის კალაპოტის ეს ნაწილი არ გაწმენდილა, საუბარია ცენტრალურ ნაწილზე, ე.წ. შავ ბოგირთან. მე იქვე ვცხოვრობ, კალაპოტში ტყე არის. მუშებს ვქირაობთ , ბუჩქებს და ბალახს საკუთარი სახსრებით ვაჭრევინებ. ქვეწარმავლების ბუდედ იქცევა სურამულას სანაპირო. ჩვენი პატრონი არავინ არის." - ამბობს ხორჩილავა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერსაც დაუკავშირდა. გიორგი გურასპაშვილი აღიარებს, რომ მდინარის კალაპოტი, დაბის ცენტრში ნამდვილად გასაწმენდია. თუმცა, გურასპაშვილის თქმით, თვითმმართველობას საკმარისი თანხა არ აქვს პრობლემის მოსაგვარებლად.

"მდინარის კალაპოტი არ გაწმენდილა ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ნაპირსამაგრი სამუშაობი ჩატარდა. ანტისანიტარიას რაც შეეხება, მოსახლეობამ უნდა შეიკავოს თავი და არ დაანაგვიანოს. ჩვენ პერიოდულად ვწმენდთ კალაპოტს. რაც შეეხება ნარჩენების გატანას დაბიდან, "ხაშურსერვისის" თანამშრონმლებს ყოველდღიურად გააქვთ ნარჩენები სურამიდან და ხაშურიდან." - ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი.

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. დაბაში ტურისტული სეზონი მაისში იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები