გორის „ახალბაღის“ ტერიტორიის ნაწილი თვითმმართველობამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა
გორის მერია კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიის ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემს. თავზარაშვილის უწყებას თანხმობა საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მისცა. საკითხს სხდომაზე მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. დამოუკიდებელმა დაპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა მმართველი გუნდი გორელებისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა. ამის მიუხედავად, „სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტი მიღებულად ისე გამოააცხადეს, რომ კენჭისყრაზე არც კი დამდგარა.

,,მაშინ როდესაც თვითმართველი ქალაქია გორი და დეცენტრალიზაციზაციისკენ მივიდივართ, აქეთ ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ჩვენი ტერიტორიები, ამ დროს საკრებულო კენჭს უყრის იმას, როგორ უნდა გადასცეს სახელმწიფოს ეს საკუთრება და შემდგომ , რომ სახელმწიფომ აუქციონზე გაატანოს და მიართვან ბორია გოგიჩაშვილს. საუბარია 2000 კვადრატულ მეტრ მიწის ფაღობზე. ბორია გოგიჩაშვილს რისი ფული აქვს? ვალებში იყო გაჭედილი. მის უკან დგას კახა სამხარაძე, ყოფილი გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც უნდათ ტერიტორია შეჭამონ და გორელებს გამოაცალონ. მე მოვუწოდებ ყველა გორელს, არ დათმოთ თქვენი კუთვნილი პარკი. ეს არის უკვე ღირსების საკითხი’’ - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

ოპონენტის მოსაზრება არ გაიზიარა მარლენ ნადირაძემ, რომელიც სხდომის განმავლობაში იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის აღნიშნული მიწის გადაცემა სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს.,,ის მიწა, რომელიც თავის დროზე წაართვეს კერძო მეპატრონეს და შემდგომ დაარეგისტირა სახელმწიფომ შეცდომით მუნიციპალურ საკუთრებად, ისევ ვუბრუნებთ სახელმწიფოს. სახელმწიფოს სასარგებლოდ ვაბრუნებთ ამ მიწას და სახელმწიფო შემდგომ როგორ განკარგავს, ეს ეკონომიკის სამინისტროს საქმეა.’’ - განაცხადა მარლენ ნადირაძემ.

ცნობისთვის, გორის ყოფილი ცირკის ტერიტორიზე ბორის გოგიჩაიშვილი სასტუმროს აშენებას გეგმავს. მისი განმარტებით, პროექტის განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ქონება ჯერ სახელმწიფოს გადაეცემა, შემდეგ კი მას დაუბრუნდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები