ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

იგოეთში, სადგურ-მეტეხსა და გრაკალში, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება. სამივე საბავშვო ბაღი საერთო ჯამში კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარი დაუჯდება.

„იგოეთში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წელია არ ფუნქციონირებს, ამიტომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვები სოფელ სამთავისში დადიან. ტრანსპორტირების თანხა ჩვენ გამოყოფილი არ გვაქვს, რადგან ახლო სოფელია და მშობლებს ბავშვები ფეხით დაჰყავთ. სადგური მეტეხიდან ბავშვები კასპის საბავშვო ბაღში დადიან, ტრანსპორტირების თანხა ადგილობრიოვი ბიუჯეტიდან არის გამოყოილი. რაც შეეხება გრაკალს, ამ სოფელში საბავშვო ბაღისთვის ფართი ნაქირავები გვაქვს.“ - განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

Qartli.ge ასევე დაუკავშირდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს. მანანა ღვთისიაშვილი ამბობს, რომ სოფელ გრაკალში სულ 13 აღსაზრდელია, რომლებიც უკვე 3 წელია ნაქირავებ ფართში იღებენ სკოლამდელ განათლებას. ასევე სამი წელია მეტეხი-სადგურიდან 25 ბავშვი კასპის პირველ საბავშვო ბაღში დაჰყვათ. რაც შეეხება იგოეთს, აღნიშნული სოფლიდან სკოლამდელი განათლების მისაღებად 40-მდე ბავშვი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღში დაჰყავთ.

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები