ახალი ამბები
მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს გორელ სპორტსმენებს, რომლებმაც ევროპის თამაშებზე უნდა მიიღონ მონაწილეობა მშობლიურ ქალაქში შეხვედრა მოუწყვეს.

21-30 ივნისს მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე გორიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი და ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" ხუთი წევრი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური. კოკაური აზერბაიჯანის ნაკრების წევრია, დანარჩენები კი საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

ევროპის თამაშებზე გორელ სპორტსმენთა მხარდასაჭერად შეიქმნა ფან კლუბი. დარიგდა მაისურები გორელ სპორტსმენთა გამოსახულებით, რომლებზედაც ძიუდოისტებმა გაუკეთეს ავტოგრაფები და დაურიგეს გულშემატკივრებს. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფოიეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ევროპის თამაშების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება ერთად უგულშემატკივრონ  სპორტსმენებს.

დღევანდელ შეხვედრას ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ესწრებოდნენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მათ უშუალოდ უსურვეს წარმატებები მოახლოებულ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე.

,,ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ გულთბილი შეხვედრის ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც წარმატება გვისურვა ევროპის თამაშებზე. რასაკვირველია, მაქსიმალურად შევეცდებით თქვენი იმედები გავამართლოთ და საქართველოს დროშა მაღლა ავწიოთ. ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია, თუმცა ასეთი ღონისძიებები უდიდესი სტიმულია ნებისმიერი სპორტსმენისთვის გამარჯვებების მოსაპოვებლად.'' - თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

,,გორი სპორტული წარმატებებით გამორჩეული ქალაქია. ჩვენს სპორტულ დარბაზებში აღზრდილი სპორტსმენები ყველა დიდი შეჯიბრებაზე მოიაზრებიან ფავორიტთა შორის. ასე იქნება ევროპის თამაშებზეც. ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომ მინსკიდან ხელხვავიანად დაბრუნდნენ და მორიგი ოქროს ფურცელი ჩაწერონ გორის სპორტის ისტორიაში.'' - განაცხადა შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

2015 წელს, პირველ ევროპულ თამაშებზე გორელებმა 1 ვერცხლის (ნუგზარ ტატალაშვილი, ძიუდო) და 3 ბრინჯაოს მედლის (გენო პეტრიაშვილი, ჯაბა ყველაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, დავით კარბელაშვილი – სამბო) აღება შეძლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები