გორში კორპუსის კედელზე წარწერა ,,რუსეთი ოკუპანტია" გამოჩნდა
გორში კორპუსის კედელზე წარწერა ,,რუსეთი ოკუპანტია" გამოჩნდა. ფოტო სტალინის გამზირზე, ე.წ. აგურების ბინასთანაა გადაღებული.

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.

"არა ოკუპანტთან თანამშრომლობას" ამ სახელწოდების აქციაზე მონაწილეებმა რუსი დეპუტატების ვიზიტი და საქართველოს პარლამენტში მათი დასწრება გაპროტესტეს.

რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე ჩამოვიდნენ. სხდომას სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, თუმცა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შემდეგ ფორუმი ჩაიშალა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეას", რომლის დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა სხდომა.

პრეზიდენტი წერს: "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში — ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ–მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?"

Print

სტატიის გამოყენების პირობები