,,რა ხდება თბილისში? არხს ვწმენდდი შუაღამემდე" - დეპუტატები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დეპუტატები აცხადებენ, რომ თბილისში გამართული აქციის დაშლის შესახებ, შეფასებებს ვერ გააკეთებენ. ამის შესახებ ქართლი.ჯი ესაუბრა დვანის, ერგნეთის, დიცის და ლამისყანის ტერიტორიული ორგანოების დეპუტატებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ არჩეული დეპუტატების შეფასებები ასეთია:

გზირიშვილი მაია
(ლამისყანის თემის დეპუტატი) - "აუცილებელია პასუხი მოგცეთ მაგის თაობაზე? არ ვიცი, ვერ გეტყვით პასუხს. მე რა უნდა გითხრათ, არაფრისთვის მიყურებია."

მამუკა მახაჭაშვილი (დვანი) - "აქციის შესახებ ვერაფერ შეფასებას გავაკეთებ, როგორც სოფლის წარმომადგენელი, არხს ვწმენდდი და არ მცალია ნამდვილად ტელევიზორის საყურებლად. არ ვიცი, რა ხდებოდა გუშინ ქვეყანაში. ტრაქტორი გამიფუჭდა და ღამის 11 საათამდე იმას ვაკეთებდი. ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ, მაგრამ არ მგონია, რომ გუშინდელი აქცია ყოფილიყო ოკუპაციის საწინააღმდეგო, ეს იყო მთავრობის საწინააღმდეგო აქცია. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს კარგად ვიცი, ჩემზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი. ამ წუთშიც საოკუპაციო ზოლთან ვდგავარ. ოკუპანტების წინააღმდეგ ვინც იბრძოლეს, იმ ვაჟკაცების წინააღმდეგ ხელის აწევა ან შეურაცხყოფა არ შეიძლება, მხედველობაში მყავს პოლიციელები და ძალოვნები. მაგათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაც და დეოკუპაციაც. მე რასაც ვუყურე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, მოსახლეობა, რომელიც დაზიანდა, დაზიანდა იმიტომ რომ პოლიციელების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. "

ბონდო კაპანაძე (წაღვლი): - "რულთან" ვარ და გადმოგირეკავთ"

ირაკლი ჯაბალაძე (დიცი) - "ჩვენს პრეს-ცენტრს დაურეკეთ, მე ვერ გიპასუხებთ".

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისის საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. "ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

პარლამენტში შესვლის მცდელობას წინ უძღოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განაცხადი, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომიტინგეები პარლამენტს მშვიდობიანად დაიკავებენ.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ხოლო გახარიას თქმით "როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება".
Print

სტატიის გამოყენების პირობები