ბადრი ნანეტაშვილი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ფოტოზე მარცხნიდან: თემურ ხუბულური (გორის თემის დეპუტატი); გიორგი თოთლაძე (ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი); ბადრი ნანეტაშვილი (შერიგების მინისტრის მოადგილე); იოსებ მაკრახიძე (გორის მაჟორიტარი დეპუტატი); ზაზა გულიაშვილი (ქარელის მერი); გიორგი გურასპაშვილი (ხაშურის მერი).

შიდა ქართლის ტელეკომპანია ,,თრიალეთის" დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი შერიგების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის დეპუტატმა სოსო მაკრახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნანეტაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ სახლში, დიღომში დაპატიჟა. სოსო მაკრახიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა.

,,ჩვენ პირადად ბადრის დაბადების დღეზე ვიყავით. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ნანეტაშვილი. შეხვედრაზე ციხელაშვილიც იმყოფებოდა" - აცხადებს სოსო მაკრახიძე.

ფოტო სოციალურ ქსელში ბადრი ნანეტაშვილმა თავად გამოაქვეყნა, თუმცა ძალიან მალე წაშალა.

ფოტოზე ჩანან გორის თემის დეპუტატი თემურ ხუბულური, ქარელის დეპუტატი გიორგი თოთლაძე, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი.

,,მე ვიყავი როგორც პიროვნებასთან მიწვეული სტუმრად" - გვითხრა ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა. ,,მე ვიყავი მიწვეული როგორც პიროვნებასთან. არ ვყოფილვარ სტუმრად არც ტელევიზიის ხელმძღვანელთან და არც როგორც თანამდებობის პირთან" - აცხადებს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი.

შერიგების სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ბადრი ნანეტაშვილი ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ დაინიშნა და ინფორმაცია, მინისტრის მოადგილედ ბადრი ნანეტაშვილის დანიშვნის შესახებ, სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე დევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები