გორელ აქტივისტს სხეულიდან რეზინის 6 ტყვია ამოაცალეს
თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ზაზა გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის გორში დაბრუნდა და დღეს "გორმედში" იმყოფება.

"ახლა კლინიკაში ვარ. სულ 6 ტყვია ამომიღეს სხეულიდან. მათ შორის, 5 გულმკერდის არედან და 1 ლავიწის ძვლიდან. ტკივილები ისევ მაქვს, განსაკუთრებით გულ-მკერდის არეში. როდესაც რეზინის ტყვიები მესროლეს, სასწრაფო დახმარების ექიმები დამეხმარნენ, საავადმყოფოში იმის გამო არ წავყევი, რომ თბილისში გზები არ ვიცოდი. ის ღამე რუსთაველის გამზირზე სკამზე გავატარე. მეორე დღეს ისევ ცუდად გავხდი, იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანასთან მივედი და ექიმს ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში გადამიყვანეს, რეზინის ტყვიები ამომიღეს და გამომიშვეს. ახლა მხოლოდ გადახვევებზე დავდივარ." - უთხრა ქარტლი.გე-ს ზაზა გორგაძემ.

დედაქალაქში საპროტესტო აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. დაახლოებით ღამის 23:00 საათზე აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალურიდანიშნელების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა მათ შორის 7 გორელი, აქედან ერთ-ერთია ზაზა გორგაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები