ხმაური იყო ატენში - ჭეჭელაანთუბნელებს წყლის მარაგს უმცირებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მოსახლეობა დღეს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. ე.წ. ჭეჭელაანთ უბნის დასახლების მცხოვრებთა ნაწილმა პროტესტი იმის გამო გამოთქვა, რომ საუბნო წყლის სისტემას კიდევ 7 ოჯახი უნდა მიუერთონ.

როგორც ადგილობრივებმა qartli.ge-ს უთხრეს, ამის შემდეგ წყალს გრაფიკით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მიიღებენ, რაც მათთვის დიდი პრობლემა იქნება.

შეკრებილებს მერის წარმომადგენელი შეხვდა და განუცხადა, რომ თუ აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მათ წყლის პრობლემა შეექმნება, სისტემას ისევ ძველ ხაზზე გადართავს.

,,ერთი ცისტერნა ჭეჭელანთუბანში დგას ცისტერნა, მეორე ცისტერნა სიონთან. ის 7 ოჯახი ამ დრომდე სიონის რეზერვუარიდან მარაგდება, თუმცა იმის გამო, რომ მაღლობზე ცხოვრობენ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ჭეჭელანთუბნის რეზერვუაზე მივაერთოთ. მე ავუხსენი მოსახლეობას, რომ თუ მათ ოჯახებში წყლის რაოდენობა შემცირდა, 7 ოჯახს ჩავხსნით ჭეჭელანთუბნიდან." - ამბობს ნუგზარ მძინარიშვილი.

ატენში სასმელი წყლის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ,,ჩირახის წყლის" სათავეში წყალი დაიკარგა. სწორედ ამის შემდეგ, მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემას საბოლოოდ წყლის სისტემის მოწყობის მეოთხე ეტაპი გადაჭრის.

,,კვლევაა ჩატარებული, წყლის დებეტი დაკლებულია. რკინის ბეტონი რაც იყო, დაინგრა. წყალი შემკრებს ასცდა და ტანაში გადის. ტენდერი თვის ბოლოს მთავრდება. ახალი შემკრები მოეწყობა, სადაც ჩავა წყალი"- აცხადებს ნუგზარ მძინარიშვილი.

ცნობისთვის, ატენში სასმელი წყლის სისტემის პროექტის განხორციელება 2016 წელიდან დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები