2019 წლის პირველ ნახევარში გამყოფ ხაზთან რუსმა სამხედროებმა 164 ქართველი და ოსი მოქალაქეები დააკავეს
გასული წლის მონაცემებთან შედარებთან, გამყოფ ხაზთან, დაკავებულთა რიცხვი გაორმაგებულია. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაკავებულთა რაოდენობა წელს 2,2-ჯერ მეტია. კომიტეტის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში დაკავებულთა რიცხვი 78-ს შეადგენდა.

ცხინვალის ხელისუფლება არ აკონკრეტებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც გამყოფი ხაზი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან გადაკვეთეს.

ცხინვალის მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს:

,,სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიდიან სასაზღვრო ზონაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დოკუმენტები. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წინასწარ შეატყობინონ სასაზღვრო უწყებებს. სასაზღვრო ზოლში მდებარე სოფლებში, რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ მცხოვრები ადამიანების დაუსაბუთებელი ვიზიტების დროს, წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურს" - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები