ახალი ამბები
ნუშის სოფელი გამყოფ ხაზთან - გიორგი მჭედლიძე ნიქოზიდან (Photo/Video)
,,ღამე აქ ვზივარ ხოლმე, სიმშვიდეში, ვგეგმავ. აი იქ სასტუმრო უნდა იყოს, მუხები, ხეივანი 10 ჰექტარი, გარდამავალი კიბე, ნუშის ბაღი 80 ჰექტარზე, შავკაპიტოს ხეივანი. წითელი ყაყაჩოს მდელო - 20 ჰა-ზე. სამი თვე იქნება წითელი მდელო. იქნება ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა, ვფიქრობ, რომ ამ სოფელში იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ნუშის ფქვილის საწარმო. ასევე იქნება ნუშის რესტორანი, 2 მეტრი და 30 სანტიმეტრი შავკაპიტოს ხეივანი რკინის კონსტრუქციით, ხეივნის ქვეში იქნება 30 ათასი ქართული ჯიშის ვარდი სურნელებისთვის, ცხენები, კავკასიური გრძელბეწვიანი ნაგაზი. მოეწყობა თავლა ბავშვებისთვის. 20 ჰექტარი იქნება საცდელი მეურნეობა. მოხვალთ შვილებით, ოჯახით და დაისვენებთ."

ამას ნიქოზელი გიორგი მჭედლიძე ამბობს, რომელმაც სოფელში 2016 წლიდან, ნუშისა და კალის ბაღები უკვე გააშენა. მისი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. ნაკვეთები კი, საოკუპაციო ხაზთან. რუსი სამხედროების მიერ გავლებულ ღობესთან პალმები დარგო. პალმებს შორის მაგიდა გააწყო. იქვე ჰამაკია, სადაც მუშაობისგან დაღლილ ადამიანს მოსვენება შეუძლია. 33 ჰექტარზე გაშლილი ჭალაც მოწესრიგდება:


,,კილომეტრნახევარი სიგრძე აქვს ჭალას და აქ საქართველოში არსებული ყველა ჯიშის ხეა დარგული. 5 წელიწადში ეს ყველაფერი გამართული იქნება. 10 ახალგაზრდას დავატრენინგებთ. წავიყვანთ და ვასწავლით სოფლის მეურნეობას. ხომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ქვეყნის სიყვარული. რაღაცნაირი ექსტრემია, აქეთ მიწის სიყვარული და იქით ე.წ. საზღვარი. ისევ გაიზრდება სამშობლოზე შეყვარებული თაობა. იმედია ყველაფერი გამოგვივა." - კლავ გვიზიარებს გეგმებს.


ხეივნის დასასრულს აშენებს კოშკს, რომელსაც მეგობრობის კოშკი დაარქვა. ფიქრობს, რომ ეს კოშკი ოდესმე საინტერესო შეხვედრების ადგილი იქნება. რუსული ღობე ოკუპირებულ სოფელ ტბეთთან აშორებს. ჩრდილოეთ მხარეს კი, ცხინვალის გარეუბანია.
გიორგი მჭედლიძე წლების განმავლობაში ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. მისი ამერიკელი მეგობრები გახარებულები არიან იმ შედეგით, რაც გიორგი მჭედლიძემ საკუთარ სოფელში მიაღწია:

,,გაოცებულები დარჩნენ, პრინციპში, არც გაუკვირდათ. უფრო მეტად, გახარებულები არიან იმ შედეგით, რაც მე აქ მივაღწიე. ჯერ კიდევ, წლების წინ შევისწავლეთ აქაური კლიმატი, ნიადაგი. კლიმატი გვაქვს ძალიან კარგი. ასეთი კლიმატი რომ ჰქონდეთ, ამერიკაში ან ისრაელში, ნატრულობენ. უფრო მეტს მიაღწევენ. ჩვენც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა" - გვეუბნება გიორგი მჭედლიძე.

ჯერ სახლის გვერდით მდებარე ნაკვეთში მიგვიპატიჟა. აქ რეპორტაჟი მაშინ მოვამზადეთ, როდესაც ფერმერებმა ნერგები ჩაყარა. 3-წლის შემდეგ ნუშმა და კაკალმა უკვე ნაყოფი გამოიღო.


,,აქ, რაც მოსავალი მაქვს, მიდის დუბაიში, კვებითი ღირებულების გამო ინდოელებს მიაქვთ, ჭკვიანი ხალხია და იციან რა უნდა ჭამონ. 30 ლარად ყიდულობენ ჩემგან ნუშს." - ამბობს ბატონი გიორგი.

ნიქოზელ ფერმერს საქართველოში არსებული ბაზრის მდგომარეობის შესახებ ვკითხეთ აზრი.

,,როგორც ვიცი სოფლის მეურნეობის პროდუქციის 85% შემოგვაქვს, ანუ ბიუჯეტის მეშვიდედი ხმარდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას და შემოტანას. ჯერ შიდა ბაზარი გვაქვს ასათვისებელი. მოსაფიქრებელია, თუ რა რაოდენობის მოსავალი უნდა მოვიყვანოთ ერთ სულ მოსახლეზე. ეს იქნება ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი თუ ბალი. გლეხმა დამოუკიდებლად გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, მაგრამ უკეთესია თუ კი კონსულტაციებს გაივლიან სპეციალურად შექმნილ ცენტრებში. უნდა შეიქმნას ეს ცენტრები, სადაც მოხდება აღწერა, რა რაოდენობის ლობიო ითესება წელს, რა მოცულობის და რა რაოდენობის საჭირო ლობიოა ქვეყნისათვის, რის გატანა შეგვიძლია საზღვარგარეთ." - განმარტავს გიორგი მჭედლიძე.


თვლის, რომ არ არის აუცილებელი ყველამ ერთი და იგივე პროდუქტი, მაგალითად, ვაშლი მოიყვანოს. მისი აზრით, ქართული ვაშლი, თავისი კვებითი ღირებულებით, საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა პოლონურ ან სხვა ქვეყნის ვაშლს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას იმიტომ ვერ უწევს, რომ ვიზუალურად ჩამორჩება.

,,პირობითად, მე და თქვენ გვაქვს ლობიო, ანუ ეს საკმარისია შიდა ბაზრისთვის და გასატანად. ამ დროს სხვას, პირობითად გოგას, გაუჩნდა სურვილი, რომ მასაც სურს დათესოს ლობიო. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიწვევს ფასის ვარდნას და ვიღუპებით სამი ადამიანი. ჩვენი წლიური შემოსავალი დაბალი იქნება. წლიური შემოსავალი რომ დაბალი იქნება, ეს ეკონომიკას ხომ ურტყავს? ვეღარ იყიდის ოჯახი სარეცხის ფხვნილს, სხვა საშუალებებს. მაგრამ თუკი გოგას ვიღაც ურჩევს, რომ შენ ლობიო კი არა, ბადრიჯანი მოიყვანო, ამ დროს მე და შენი წლიური შემოსავალი იქნება უფრო მეტი, გოგაც უფრო მეტს სარგებელს ნახავს. აუცილებელია გათვლა საქმეში. გვჭირდება მრჩეველი და დაკვირვებები იმ დაავადებებში რაც ვრცელდება. ყოველწლიურად იცვლება კლიმატი, იცვლება დაავადებები. როდესაც ვიყენებთ ერთი და იგივე შხამქიმიკატებს, ეს წამალი მუშაობს მხოლოდ მოცემულ მომენტში, მერე უნდა შეცვლა. ამას ყველაფერს დაკვირვება უნდა. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები." - აღნიშნავს გიორგი მჭედლიძე.

იხ. ვიდეო რეპორტაჟი


Print

სტატიის გამოყენების პირობები