„ლარზე გავლენა პოლიტიკურმა პანიკამ იქონია“-თამარ ედიშერაშვილი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.83 ლარი შეადგინა.  ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0388 ლარით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0422 ლარით გაუფასურდა და 3.2260 ლარი გახდა. კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.  ლარის მკვეთრად გაუფასურებას ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

,,ვინაიდან არის პოლიტიკური პანიკა, ამას აქვს ყველაზე დიდი გავლენა. ჩვენი ლარი ისედაც არაფერზე არ არის მიბმული და რაღაცა გათვლებით, მისი რყევები ჯერ არავის გამოუთვლია. უფრო დიდი რყევები, რასაც მე ველოდები, იქნება მეოთხე კვარტალში, რადგან, უკვე მეშვიდე წელია, ბიუჯეტს ხარჯავენ არასწორად. ეს რყევა მგონია, რომ მოკლევადიანია მაგრამ, ნოემბრიდან ახალ ტალღას ველოდები. მიგვაჩვიეს, რომ ნოემბრის თვიდან ვალუტის კურსი გარბის. დღევანდელი მდგომარეობით, ხელისუფლებას არ გააჩნია არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური, არც ორგანიზაციული რესურსი ფისკალოური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით წარმართოს.“-აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.

ცნობისთვის, გაუფასურების წინა პიკი 2019 წლის 31 მაისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსი 2.8023 გახდა - ეს იმ დროისთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები