გორის სოფელ ახალდაბაში სანიაღვრე არხების გაკეთებას ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. ამის შესახებ ქართლი.გე-ს სოფლის წარმომადგენელმა განუცხადა.

რამაზ როსტომაშვილის თქმით, გზა რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი:

"წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფლის შიდა გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. ამ გზებით მთელი სოფელი სარგებლობს, რადგან ის სასოფლო სავარგულებამდე მიდის. გზები ისედაც არ იყო კარგ მდგომარეობაში, არ არის სანიაღვრე არხები და წყალი მოედინება სოფელში. მსუბუყუქი ავტომობილებით შეუძლებელია იქ გავლა. ეს გააპროტესტეს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ვარიანი-გორის საავტომობილი გზის მონაკვეთი რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი. ახლა მოძრაობა აღდგენილია. " - ამბობს გორის მერის წარმომადგენელი სოფელ ახალდაბაში რამაზ როსტომაშვილი.

გორის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი აცხადებს, რომ დღეს საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელს ესტუმრებიან.

ერასტი ელიჯარაშვილი: "ველოდებით მერიიდან თანამშრომლებს, თუ როგორ შეიძლება წყლის გატარება. აქ არის არხი და, სავარაუდოდ, ამ წყალს არხში ჩავუშვებთ. აქ არის ასევე მილი, რომელიც წყალს ატარებდა, ვნახავთ, რა მდგომარეობაშია. თუ გასაწმენდია, გავწმენდთ. უფრო დეტალურად მოგვიანებით ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა სრულად"

Print

სტატიის გამოყენების პირობები