ვინ ჩაანაცვლებს გორის სკოლებიდან წასულ პედაგოგებს
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 200-მდე პედაგოგი ტოვებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრსი უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სკოლიდან საკუთარი სურვილით ის პედაგოგები წავლენ, რომლებიც საპენსიო ასაკში არიან.

,,სკოლიდან წამსვლელი პედაგოგების ასაკი არის 60 წლიდან 80 წლის ზემოთ. 200 პედაგოგის წასვლა სისტემიდან, არ ნიშნავს იმას, რომ 200 ახალი პედაგოგი ესაჭიროება სკოლას. ამ პედაგოგების ნაწილს ძალიან დაბალი დატვირთვა ჰქონდა. პენსიონერ პრაქტიკოსს ჰქონდა მაგალითად 8 საათი ან 6 საათი. დირექტორი ჯერ ამ საათებს გადაანაწილებს შიდა რესურსზე, ანუ, შეუვსებს განაკვეთს იმ უფროსის სტატუსის პედაგოგებს, რომლებსაც არ ჰოქნდათ აქამდე სრული დატვირთვა. მხოლოდ ამის შემდეგ, გამოაცხადებს ვაკანსიებს იმ რაოდენობის საათებზე, რომელსაც ვერ გადაანაწილებს სკოლაში. დაახლოებით, ივლის-აგვისტოში გამოჩნდება რა ვაკანსიები გვაქვს სკოლებში.“-აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.


მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაზუსტება თუ რამდენი პედაგოგი დატოვებს სკოლას, ვაკანსიები pedagogi.ge-ზე გამოქვეყნდება და მსურველებს, კონკურსის წესით შეარჩევენ.

,,Pedagogi.ge-ზე გამოაცხადებენ სკოლები ვაკანსიას, ამ გვერდზევე მოხდება მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია. გამოცხადდება კონკურსი და მიიიღებენ ეს ადამიანები მონაწილეობას. პირობაში აუცილებლად ჩაიდება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სერთიფიცირება, ან მინიმუმ საგანი უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, რომელმაც შეიძლება აიყვანოს დირექტორმა ვაკანტურ ადგილზე.“-აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 72 სკოლაა, აქედან 5 კერძოა. ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დაახლოებით 2000 პედაგოგია დასაქმებული.

ცნობისთვის, საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს. საუბარია 2 წლის ხელფასის ოდენობაზე, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე. პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები