გორში სტუდენტებს მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის პრინციპები გააცნეს
25 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტური ეთიკის საბაზისო პრინციპების თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექცია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) პატრნიორობით ჩაატარა.

,,სტუდენტებთან ძირითად ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებსა და სტანდარტებზე ვისაუბრეთ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამოცდილება გავუზიარეთ და ვისაუბრეთ იმაზე რა პრინციპებზე დგას ჟურნალისტიკა დღეს"" - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

ამასთანავე, სტუდენტებს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გააცნეს და მასში მონაწილეობა შესთავაზეს. სტუდენტებთან შეხვედრას პრიზის მფლობელი ჟურნალისტი გოგა აფციაურიც ესწრებოდა, რომელმაც კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი""უნიკალურ შანსს აძლევს ახალგაზრდებს, რომ წერონ მასალები კონფლიქტების შესახებ, წერონ მშვიდობის შესახებ, რომელიც მათთვის შეიძლება ყოველდღიურობა იყო, ჩვენთვის, სხვა ქალაქებში მცხოვრებთათვის კი ეს იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავი. ჩემი ხუთი წლის წინანდელი ბლოგიც სწორედ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, გაყოფილ ოჯახებს და მათ ტრაგედიას ეხებოდა და ეს ვუამბე მათ"" - ამბობს გოგა აფციაური.

სტუდენტებს ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა EUMM-ის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, დეზ დოილიც.

ღონისძიება პროექტის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2019-ი ფარგლებში ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები