ახალი ამბები
მოხისში მანქანა ბავშვს დაეჯახა - დეპუტატი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მსუბუქი ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს ადმინისტრაციული თემის წარმომადგენელი თამარ მაისურაძე ესაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სოფლის დეპუტატი აცხადებს, რომ სოფელში დაგებულია ახალი გზა, სადაც მანქანები შედარებით მაღალი სიჩქარით მოძრაობენ.

,,წუხელ დამირეკეს, რომ მოხდა ასეთი შემთხვევა. ბავშვს დაეჯახა მანქანა. დიდ ტრაგედიას გადავრჩით. ბავშვი დაშავდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ გზაზე შეზღუდვების დაწესება" - აცხადებს დეპუტატი.

დეპუტატმა საკითხი ქარელის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წამოაყენა. მან მუნიციპალიტეტის მერს ყურადღების გამახვილება სთხოვა.

,,როგორც ვიცი, მაგ გზაზე მანქანა კაცს მაშინაც დაეჯახა, ვიდრე ახალი გზა დაიგებოდა" - უთხრა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფლის დეპუტატს. თამარ მაისურაძემ განმარტა, რომ ის ტრაგიკული შემთხვევა, სწორედ, ახალ გზაზე მოხდა.

გარდა ამისა, ქარტლი.გე გასულ წელს წერდა, რომ სოფელ ნაცარგორა-მოხისის გზაზე მანქანა არხში გადავარდა, რა დროსაც 3 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები