დამწყები ფერმერები დოესიდან - ,,ჯერ იმდენი ძროხები არ მყავს, რომ პროგრამებში ჩართვა გავბედო"
ზაზა გურგენიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ცხოვრობს. წელიწადნახევარია საქონლის მოშინაურება დაიწყო. დღეს უკვე, 10-ზე მეტი ძროხა, ხარი და დეკეული ჰყავს. მანამდე, ბოსტნეული მოყავდა, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის მესაქონლეობა უფრო გაამართლებს.

,,წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ შემექმნა ისეთი რამ, რომელიც ოჯახისთვის შემოსავლი იქნებოდა. თავდაპირველად, ხილის მოყვანა დავიწყე. ბოსტანი მქონდა, თუმცა არ გაამართლა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ მეხორცული საქონელი მომეშინაურებინა. ნელ-ნელა ვაფართოებ. ყველაფერი ჩემი სახსრებით დავიწყე" - ამბობს ზაზა გურგენიძე.

ზაზა გურგენიძე ჯერ კიდევ 1989 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ათვისებას შეუდგა, თუმცა, ამბობს, რომ წლების განმავლობაში, ბევრი ხელშემშლელი პირობები შეხვდა:

,,ჯერ კიდევ, ახალი ჩამოსული ვიყავი ჯარიდან. მაშინ კოლმეურნეობები დაიშალა და იმის შემდეგ ვცდილობდი, საკუთარი ფერმა მქონდა. რა აღარ დავიწყე. ყველაფერი ვცადე. ბოლოს, ჯერ დედაღორი მყავდა, მერე ნელ-ნელა საქონელი მოვაშინაურე. ბოსტანიც მქონდა, მაგრამ პროდუქტს ფასი არ ჰქონდა. ვეძებდი ისეთ სფეროს, რომელიც უფრო მეტად გაამართლებდა ბაზარზე. ბოლოს სული მოვითქვი. ჩემზე უფროსები იყვნენ და იმათ დამარიგეს." - აცხადებს ზაზა გურგენიძე.

მისი თქმით, საქონელს და მის ხორცს ფასი აქვს. მრჩევლად ვეტერინარები და ის ადამიანები ჰყავს გვერდით, რომლებიც მესაქონლეობის სფეროში არიან გათვითცნობიერებულნი.

,,ჩემი მთავარი საფიქრებელია საქონლის კვება. მინდა მეტი სათიბი მქონდეს. გასათიბი ხელსაწყო გვჭირდება. თუ დახმარება იქნება, ჩემი სურვილია, რომ ძროხის წველისთვის ან თიბვის ხელსაწყოები შევიძინო. იმხელა ფერმაც არა მაქვს, რომ შევბედო სახელმწიფოს დასახმარებლად" - განმარტავს ზაზა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები