ახალი ამბები
სოფიო ტუაევი - დიზაინერი ლიახვის ხეობიდან
სოფიო ტუაევს კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. მან და მისმა ოჯახმა ლიახვის ხეობა შემოვლითი გზებით დატოვა. მას შემდეგ ბევრი სირთულე შეხვდა. ყველაზე დიდი მწუხარება კი, მშობლების დაკარგვა იყო.

,,ყოველმხრივ ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ აუცილებელი იყო მეფიქრა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც შემოსავალს მომიტანდა. მით უმეტეს, მშობლები აღარ მყავდა. ჩემ სახლთან ახლოს იყო სახელმწიფო კოლეჯი, სადაც ასწავლიდნენ ჭრა-კერვას. მე პატარაობიდანვე მეხერხებოდა კერვა, ამიტომ კოლეჯში მისვლა გადავწყვიტე" - იხსენებს სოფიო ტუაევი.

კოლეჯში სწავლისთვის სახელმწიფომ 1000-ლარიანი დახმარებაც მისცა. სწავლის პერიოდში ამერიკის მთავრობის განვითარების სააგენტომ (იუსაიდი) გამოაცხადა პროგრამა, სადაც სოფიომ კურსებიც გაიარა. მას ერთი სამკერვალო მანქანაც მისცეს:

,,კოლეჯი რომ დავამთავრე, საკუთარი სახელოსნოს გახსნა გადავწყვიტე. ვიქირავე 8 კვ.მ ფართი და იქ დავიწყე მუშაობა. კეთილმა ადამიანებმა მაგიდა და სკამი მათხოვეს. ნახევარი წლის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებელი იყო დამხმარე. დამხმარედ ჩემივე კურსელი ავიყვანე" - ამბობს სოფიო ტუაევი.

მას შემდეგ, რაც ბევრი საქმიანობა დაუგროვდა, გადაწყვიტა თბილისში დიზაინერთა ლაბორატორიაში წასულიყო:

,,ეს ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში. იქ გავიღრმავე ცოდნა, რადგან ზოგჯერ კლიენტი უფრო მეტს ითხოვდა ჩემგან. მეც არ მაკმაყოფილებდა ის ცოდნა, რომელიც მქონდა, ამიტომ დიზაინერთა ლაბორატორიაში წავედი. იქიდან ისევ დავბრუნდი გორში და 2-ჯერ და 3-ჯერ მეტ ფართში დავიწყე მუშაობა. ამჟამად, უკვე სამკერვალო კურსებიც გავხსენი" - აცხადებს სოფიო ტუაევი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები