ახალი ამბები
ნინო ჩადუნელი - მოხისის დევნილთა დასახლებიდან
ნინო ჩადუნელი ზნაურის (ყორნისი) რაიონის სოფელ ლოპანიდან დევნილია. მან წლინახევრის შვილთან ერთად სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა. 

ომის დროს ოკუპირებულ სოფელში დედამთილი, მამამთილი და მეუღლე დარჩა. მეუღლე რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა. ლოპანში ცხოვრება კი, მეუღლის დედამ და მამამ გააგრძელეს. ამბობს, რომ მოხუცები საკუთარ სოფელს დღემდე არ ტოვებენ.

ნინო ჩადუნელი ამჟამად მოხისის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

,,ჩვენი ოჯახი, ძირითადად, დევნილობის დახმარებას იღებს. თითო სულზე 45 ლარს. ჩემი მეუღლე მუშაობს ასევე ნაკვეთებში. მეც ვმუშაობ ხოლმე. ხან ვის ჭირდება თოხნა, ხან ლობიოს აღება და ა.შ. დღიურად 15 ლარია" - გვითხრა ნინო ჩადუნელმა.

მოხისის დასახლება საკმაოდ მწირ მიწებზეა გაშენებულია. წლების განმავლობაში ამ დასახლებას არხებიდან გადმოსული წყლები აწუხებდა. ყოველ წვიმაზე სახლები იტბორებოდა. ეს პრობლემა მხოლოდ 2-3 წლის მოგვარდა. არხები გაასუფთავეს.

,,თითო ოჯახს 80 მეასედი ფართის მიწის ნაკვეთები დაგვირიგეს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. მწირი მიწებია. სულ ქვიანია და ვერც ვამუშავებთ. ამას გვირჩევნია 20 მეასედი კარგი ნიადაგის მიწები მოგვცენ, იმას მოვუვლით და მოსავალს მოვიყვანთ" - ამბობს ნინო ჩადუნელი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები