ახალი ამბები
სოფელი ცხავერი - სადაც 70-ზე მეტი სახლი მიტოვებულია
ცხავერში მუდმივად 5 ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, 15 ოჯახი სარგებლობდა მუდმივი მაცხოვრებლების სტატუსით. სოფელში 70-ზე მეტი სახლი სიძველისგან დანგრეულია.

სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.

ერთ-ერთ ჭიშკართან ნინა გაზაშვილი შევნიშნეთ. ის ეზოში ხელსაქმობდა. გვთხოვა, რომ ჩრდილისკენ მივსულიყავით - მზეზე არ შემიძლია ყოფნაო. ის სოფელში შვილთან, უნარა ჯინიყაშვილთან ერთად ცხოვრობს:

,,მინდორში იყო დილით, ახლა მოვიდა და დაიძინა. თუ რამ გაინტერესებთ, მე მითხარით" - გვითხრა ქალბატონმა ნინამ.

ვკითხეთ, ამდენი სახლი რატომაა დაცარიელებული? ნინა გაზაშვილმა გვიპასუხა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, წავიდა, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთში:
,,ჩვენც გვინდოდა წასვლა, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ იყო, ვერ წავედით" - ამბობს ნინა გაზაშვილი.



საუბრის დროს შემოგვიერთდა მისი შვილი - უნარა ჯინიყაშვილი. ამბობს, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს - ,,კი, წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ ბევრნი არ წასულან. ნაწილი ცხოვრობს თბილისში, რუსთავში, კასპში. ასევე, აქვე ჩვენს დაბლა სოფელ - ახალქალაქში. მთა აღარავის უნდა. სადაც კარგი ცხოვრებაა, იქ უნდათ" - ამბობს უნარა ჯინიყაშვილი.

ცხავერამდე მისასვლელი გზა 2017 წელს გააკეთეს, ძირითადად, მოხრეშეს, მაგრამ 2-წლის შემდეგ, მოხრეშილი გზა ისევ დახრამულია ბევრ ადგილზე.

,,ცოტა ხნის წინ რომ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, სულ ჩარეცხა გზა. კი გააკეთეს, მაგრამ ისევ დაზიანდა. ახლა, ვიღა გააკეთებს" - ნინა გაზაშვილი.

ის სოფელ ფელში, გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა. იხსენებს, რომ ცხავერში, მთა-მთა ცხენით ჩაიყვანეს: ,,მომიტაცეს ცხენით და ისე ჩამომიყვანეს. მაშინ 17-წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 20-წლის იყო. ჩემი სოფელი საერთოდ აღარ არსებობს. ფელში ძირითადად გაზაშვილები ცხოვრობდნენ. ერთადერთი ოჯახი იყო - ხუბულაშვილების. ჩემ ბავშვობაში, ფელში, 31 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ერთი ოჯახიც აღარ ცხოვრობს" - ამბობს ნინა გაზაშვილი.






Print

სტატიის გამოყენების პირობები