ალექსანდრე ზაზარაშვილი ფინალშია - ,,უკრაინული ვოისის" ტრიუმფი
12-წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ,,უკრაინული ვოისის" ფინალში გავიდა. ნახევარფინალი გუშინ 30 ივნისს კიევში გაიმართა.

მანამდე ზაზარაშვილმა წარმატებით მეორე ტური 23 ივნისს გადალახა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი რუისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. სასიმღერო კარიერა რუისის ხელოვნების სკოლაში დაიწყო. ჯერ გუნდში, ხოლო შემდეგ სოლოს მღეროდა.

"ხელოვნების სკოლაში გაზრდილი გვყავს უამრავი მუსიკის მოყვარული მოსწავლე. ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ პატარა იყო, როცა შემოვიდა ჩვენთან" - გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი მარიკა შერმადინი.



პატარა მომღერალი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს. დედამ გულიკო ეგნატაშვილმა ალექსანდრეს შესაძლებლობები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის 3 წლის ასაკის იყო.

"საბავშვო ბაღში სულ მღეროდა. მასწავლებლები სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ სიმღერის გარდა, არაფერს აკეთებს. ერთხელ ნაიკო (ალექსანდრეს და) წავიყვანე ხელოვნების სკოლაში, თან მყავდა ალექსანდრეც. იქ რომ ვისხედით, მუსიკის მასწავლებელი თეა ზურაბაშვილი ამეცადინებდა ბავშვებს. რაღაცა მომენტს ეუბნებოდა და ეს ალექსანდრემ უშეცდომოთ იმღერა. იმ დღესვე ჩასვეს გუნდში. ცოტა რომ წამოიზარდა; 5 წლის რომ გახდა, მივიყვანეთ გორში პედაგოგ ნანა სამხარაძესთან. იმის შემდეგ დაიწყო ალექსანდრეს წინსვლა" - იხსენებს მომღერლის დედა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. პირველ წარმატებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მან ბულგარეთში მიაღწია.


იხ. ამავე თემაზე:

ალექსანდრე ზაზარაშვილი - რუისიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები