სომხეთში გამართულ ბიზნეს ფორუმს გორის საკრებულოს წევრი ესწრებოდა
28 ივნისს ქალაქ დილიჟანში საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო.  ფორუმს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილიც ესწრებოდა.

"ფორუმი საკმაოდ მასშტაბური იყო, ესწრებოდა სომხეთის სახელმწიფოს მეთაური და რამდენიმე მინისტრი. საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთოიბების გაღრმავებაზე, ასევე ტურიზმის განვითარებაზე. ქართულმა დელეგაციამ მეზობლებს შესთავაზა, რომ ინვესტიციები ჩადონ ბრენდული სასტუმროების მშენებლობაში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. საუბარი იყო ანაკლიის პორტზეც, მისი მშენებლობა სომხებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ" - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირას ის შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდება და იდეებს გაუზიარებს, თუ როგორ უნდა განავითარიონ ტურიზმი რეგიონში და ასევე შეიქმნას ახალი საწარმოები.

"ფორუმზე მე კითხვა დავსვი, როგორი იქნება რეგიონებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იდეებით დავბრუნდი. ვაპირებ შიდა ქართლის გუბერნატორთან შეხვედრას, რათა ეს იდეები გავუზიარო. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გორში განვითარდეს საფეხმავლო ტურიზმი. ჩვენი მუნიციპალიტეტი მთიანია და რამდენიმედღიანი ტურების დაგეგმვა კარგი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება. სომხეთში ეს საწარმოები მრავლადაა და კიდევ უფრო ვითარდება. იქ ხილს ამუშავებენ, როგორც მშრალი სახით, ასევე წვენებისთვის და მურაბა-კომპოტებისთვის. ამ კუთხითაც მექნება საუბარი გიორგი ხოჯევანიშვილთან" - განაცხადა ამბარდნიშვილმა.

ბიზნეს ფორუმი საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში ჩატარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები