გორის საბავშვო ბაღში მიტანილ პურში მწერი აღმოაჩინეს
პურის საცხობს, რომელიც გორის საბავშვო ბაღებს პურით ამარაგებდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც საწარმო ,,რჩეული საცხობი" დაათვალიერეს.

სამმართველოს უფროსი დავით დადიანი საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელს ატყობინებს, რომ პურის საცხობ საწარმოში დაფიქსირდა 3 კრიკიტიკული შეუბასაბამობა და 27 არაკრიტიკული შეუსაბამობა:

,,როგორც გავარკვიე, ეს გულისხმობდა იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საცხობში მწერები ნახეს" - აცხადებს საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტი ნუგზარ კოჭლაშვილი.

საწარმოს დირექტორი გიორგი გერმანიშვილი აცხადებს, რომ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები 3 დღეში აღმოიფხვრა:

,,სულ სამი დღე ვიყავით გაჩერებულები. კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა ჭერთან, აცვენილი იყო მასალა. ასევე, არ იყო მოწესრიგებული სავენტილაციო მოწყობილობა და დანადგარებში არ იყო შესაბამისი სისუფთავე დაცული. ჩვენს ეს მითითებები უკვე შევასრულეთ. რაც შეეხება არაკრტიკულ შეუსაბამობებს, ისიც მოგვარებადია." - აცხადებს საცხობის დირექტორი.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, #19 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, შევიდა შეტყობინება. ბაღის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ 28 ივნისს მიტანილ პურში აღმოჩენილი იყო უცხო სხეული.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს იურისტმა - ნუგზარ კოჭლაშვილმა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, პური საბავშვო ბაღშივე ნახა:

,,ჩვენ ფოტოც გვაქვს გადაღებული, სადაც ჩანს, რომ პურში მწერი იყო. მაშინვე ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლებმაც შემოწმების შემდგომ ტელეფონის საშუალებით გვაცნობეს, რომ შეამოწმეს მიმწოდებელის საწარმოო პროცესი და აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები." - აღნიშნავს იურისტი.

დღეს კი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას წერილი ოფიციალურად გაუგზავნა:

,,თქვენს მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების პასუხად გაცნობებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2019 წლის 29 ივნისს არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ბიზნესოპერატორთან: -შ.პ.ს. "რჩეული საცხობი"(პურ-ფუნთუშეულის საცხობი); გორი, თამარ მეფის ქ. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლენილი იქნა 3 კრიტიკული და 27 არაკრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობები სგამოსწორებამდე და დაჯარიმდა" - წერს სამმართველოს უფროსი დავით დადიანი.

,,რჩეული საცხობი" გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს პურ-ფუნთუშეულით 2019 წლის თებერვლიდან ამარაგებს. ხელშეკრულების ვადა 2019 წლის სექტემბერს იწურებოდა. ჯამში, როგორც ნუგზარ კოჭლაშვილი ამბობს, საცხობს 53 ათას ლარამდე უნდა მიეღო.

1 ივლისიდან კი, გორის საბავშვო ბაღებს მოამარაგებს შპს ,,დავითი 2011".



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები