თამაზ საათაშვილი გორის საავადმყოფოებში არ მიიღეს
დღეს საღამოს თამაზ საათაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირადობის არქონის გამო რეგისტრაციაში ვერ გაატარეს. ექიმის, ლექსო ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ,,დანიშნულების ადგილზე" გაწერეს. ამჟამად, თამაზ საათაშვილი გორის ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში დაბრუნდა და იქ წევს.

,,ექიმა თქვა, რომ თიაქარი აწუხებს და ჭირდება ოპერაცია, მაგრამ იმის გამო, რომ პირადობის მოწმობა არ გვქონდა, არ დააწვინეს საავადმყოფოში" - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ასევე გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი თქმით, აუცილებელია საათაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს:

,,აწუხებს ტკივილები. ვერ დგება. 3 დღეა არ უჭამია. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, თამაზმა ჰოსპიტალში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, რომ ჰოსპიტალში ადგილი არ არისო და წაგვიყვანეს გორმედში" - ამბობს ქალბატონი.

,,გორმედის" ქირურგის განცხადებით, თამაზ საათაშვილს არ აღენიშნება ისეთი ტკივილები, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს:

,,უფასოდ გავუწიეთ კონსულტაცია. აღენიშნება საზარდულის თიაქარი. ამ გადაწყვეტილებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ექვემდებარება გეგმიურ ოპერაციას. წარმოადგინონ პირადობის მოწმობა და პაციენტთან შეთანხმებით, ჩავნიშნავთ ოპერაციას" - აცხადებს ექიმი ლექსო ხეთაგური.

თამაზ საათაშვილი სოციალურად დაუცველია. მან პირადობის მოწმობა დიდი ხანია დაკარგა. მისი თანხმლები პირები ამბობენ, რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენას 10 დღე ჭირდება:

,,ხვალ რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა მოვითხოვოთ, მოგვცემენ 10 დღის შემდეგ. ამ ადამიანს, რომ ღამით ნაწლავების გადახლართვა დაემართოს, ვინ არის პასუხისმგებელი?" - კითხულობენ თამაზ საათაშვილის ახლობლები.

საათაშვილების შესახებ  qartli.ge-მ  რეპორტაჟი მოამზადა. თამაზ საათაშვილს ჰყავს ასევე და, ნაზი საათაშვილი, რომელიც ასევე საპირფარეშო ცხოვრობდა. ნაზი საათაშვილი, ისიც მძიმე ავადმყოფი, სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანეს. რაც შეეხება თამაზ საათაშვილს, ის გორის ბაზარში მტვირთავად მუშაობდა. ღამით კი, საკუთარ ურიკის წყალობით, ნაგვის ურნებში ჩაყრილ ბოთლებს აგროვებდა.

ფოტო: თამაზ საათაშვილი, გადაღებულია 2017 წელს
Print

სტატიის გამოყენების პირობები