თამაზ საათაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მეორედ წაიყვანა
თამაზ საათაშვილი ,,გორმედში" წუხელ გამთენიისას მიიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე ავადმყოფი საავადმყოფოში მეორედ მიიყვანა.

,,გორმედის" ადმინისტრაციის ცნობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქე კვლავ პირადობის მოწმობის გარეშე იმყოფება.

,,ამ წუთებში გორის მერიიდან მოვლენ წარმომადგენლები საავადმყოფოში. კიდევ ერთხელ შეისწავლიან სიტუაციას და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაცნობებთ" - გვითხრეს ,,გორმედში"

გუშინ საღამოს თამაზ საათაშვილი პირადობის არქონის გამო რეგისტრაციაში ვერ გაატარეს. პირველი გამოძახების შემდეგ, თამაზ საათაშვილი გორის ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში დაბრუნდა.

,,ექიმმა თქვა, რომ თიაქარი აწუხებს და ჭირდება ოპერაცია, მაგრამ იმის გამო, რომ პირადობის მოწმობა არ გვქონდა, არ დააწვინეს საავადმყოფოში" - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ასევე გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი თქმით, აუცილებელია საათაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს:



,,აწუხებს ტკივილები. ვერ დგება. 3 დღეა არ უჭამია. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, თამაზმა ჰოსპიტალში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, რომ ჰოსპიტალში ადგილი არ არისო და წაგვიყვანეს გორმედში" - ამბობს ქალბატონი.

,,გორმედის" ქირურგის განცხადებით, თამაზ საათაშვილს არ აღენიშნება ისეთი ტკივილები, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს:

,,უფასოდ გავუწიეთ კონსულტაცია. აღენიშნება საზარდულის თიაქარი. ამ გადაწყვეტილებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ექვემდებარება გეგმიურ ოპერაციას. წარმოადგინონ პირადობის მოწმობა და პაციენტთან შეთანხმებით, ჩავნიშნავთ ოპერაციას" - აცხადებს ექიმი ლექსო ხეთაგური.

თამაზ საათაშვილი სოციალურად დაუცველია. მან პირადობის მოწმობა დიდი ხანია დაკარგა. მისი თანხმლები პირები ამბობენ, რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენას 10 დღე ჭირდება:

,,ხვალ რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა მოვითხოვოთ, მოგვცემენ 10 დღის შემდეგ. ამ ადამიანს, რომ ღამით ნაწლავების გადახლართვა დაემართოს, ვინ არის პასუხისმგებელი?" - კითხულობენ თამაზ საათაშვილის ახლობლები.

იხ. ამავე თემაზე:

თამაზ საათაშვილი გორის საავადმყოფოებში არ მიიღეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები