რა ელის თამაზ საათაშვილს ,,გორმედიდან" გაწერის შემდეგ
სოციალურად დაუცველი თამაზ საათაშვილი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს. როგორც თავად ამბობს, მას კლინიკა "გორმედში" გადასხმებს უკეთებენ. საათაშვილის თქმით, ის ხვალინდელ რამეს ისევ ავტოსაგდურის საპირფარეშოში გაათევს, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ.

,,მერია დამპირდა, რომ სახლს მიქირავებს. სად და როდის, არ ვიცი. ხვალ გამწერენ და ისევ მივალ ავტოსადგურზე და იქ გავათენებ ღამეს, მერე ალბათ შემასახლებენ სადმე."-უთხრა qartli.ge-ს საათაშვილმა.

თამაზ საათაშვილი "გორმედში" გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ მოინახულა. მისი თქმით, მათ კლინიკის ხელმძღვანელისგან და ექიმებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია საათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.

"როგორც "გორმედში" აცხადებენ, ამ ეტაპზე თამაზ საათაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას აღენიშნება საშარდე სისტემის ქრონიკული ანთება, რომელიც სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. მას ასევე აქვს თიაქარი, რომელიც გეგმიურ ოპერაციას საჭიროებს და არაა გადაუდებელი. საათაშვილს მიეცემა დანიშნულება და კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ. რაც შეხება იმ ფაქტს, რომ მას დაკარგული აქვს პირადობის მოწმობა, მერია მას მაქსიმალურად დაეხმარება. საათაშვილს შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა საცხოვრისთან დაკავშირებითაც."- გვეუბნებიან გორის მერიაში.



შეგახსენებთ, რომ მერიის სოციალური სამსახური თამაზ საათაშვილის მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც qartli.ge მასზე სტატია გუშინ ღამით გამოაქვეყნა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოციალურად დაუცველი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც, პირადობის არქონის გამო რეგისტრაციაში ვერ გაატარეს და ექიმის, ლექსო ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ,,დანიშნულების ადგილზე" გაწერეს.

თამაზ საათაშვილი გორის ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში დაბრუნდა, თუმცა, სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები