ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა
სახალხო დამცველის აპარატი ძამას ხეობაში, სასულიერო პირების მიერ, აჭარელი ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწორვების საქმით დაინტერესდა. ამის შესახებ qartli.ge-ს, ნინო ლომჯარიას უწყებიდან აცნობეს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საქმის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყვეს.

,,სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა ამ საქმით. გავეცნობით სიტუაციას და გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არ დავიწყებთ შესწავლას. ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. პროცედურულად როგორ იქნება არ ვიცი, შესაძლოა ადგილზე ჩავიდეთ, შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაციით გავეცნოთ სიტუაციას.“-აცხადებს ანი თამაზაშვილი.

ცნობისთვის, ქარელის ვიცე მერმა გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს მუსლიმები არიან.

ვიცე მერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია. კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.



"გვერძინეთი თავის დროზე ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მაგრამ აჭარლებიც გაგვექცნენ, სამწუხაროდ. ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. ესენი ეკომიგრანტები არ არიან. თვითნებურად ჩამოსულები არიან ჯავახეთიდან. გამსახურდიას პერიოდში, ჯავახეთში ჩაასახლეს, ხელისუფლებამ ახალი სახლები აუშენა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ. ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და დაიცალა იქაურობა. ჩვენი ორი სოფელი დაიკავეს. ძალიან კარგად მიიღეს დარჩენილმა ადგილობრივებმაც, ხელისუფლებამაც. საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს და ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში დაიწყეს ისევ უკან წასვლა. ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე", – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა, თუ არა რელიგიური ნიშნით შევიწროებას, ვიცე-მერმა უპასუხა: "არა მარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ. დავასრულებ ლაპარაკს ამ თემაზე კამერის წინ.

- სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებებს?

- თუ ჩაერია კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება, რომ... წავიდა მოსახლეობა, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა. რატომ წავიდა და რისთვის, ამის ძიებას ჩვენ ნამდვილად ვეღარ დავიწყებთ. ბევრი წავიდა და ამის გამო თუ იმის გამო, წავიდნენ. სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად, 11 ბავშვიღა დადის, როცა დაახლოებით 60 ბავშვი დადიოდა. უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მანძილზე ნელ-ნელა შემცირდა", – აცხადებს ქარელის ვიცე-მერი.


იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები