გორში სპორტული ჟურნალისტიკის დღე აღნიშნეს
სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ სხვადასხვა ადგილობრივ და ცენტრალურ მედიასაშუალებას მადლობის სიგელები გადასცა. 

,,მოგეხსენებათ, 2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის დღეა. ყოველ წელს მთელი მსოფლიოს სპორტული ჟურნალისტები აღნიშნავენ ამ დღეს. მინდა მივულოცო ყველა სპორტულ ჟურნალისტს. ეს დღე ყოველთვის საქართველს დედაქალაქში აღინიშნებოდა ხოლმე, დედაქალაქთან ერთად მე მინდოდა პატარა გარღვევა მომეხდინა და რეგიონშიც აღგვენიშნა. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ მადლობის სიგელები გადავეცით ყველა იმ ტელევიზიას, ვებგვერდს თუ გაზეთს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, ჩვენი სააგენტოს აქტივობას აშუქებენ, ასევე, ჩვენი სპორტსმენების წარმატებებსა და მათ პრობლემებს. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, ვინც ჩვენთან ითანამშრომლა, თუნდაც არ ყოფილიყო სპორტული მიმართულების გამოცემა"" - ამბობს ვასილ ბალახაძე - სპორტული ჟურნალისტი.

,,ყველა ჟურნალისტს მივულოცავ ამ დღეს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და აშუქებენ სპორტს. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და ჩვენი ტელე-კომპანია თრიალეთისთვის, რომ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხრიდან მადლობის სიგელი გადმოგვეცა , რომელმაც მადლიერება გამოხატა ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება"" - ამბობს ტელე-კომპანია ,,თრიალეთის"" ჟურნალისტი, დარინა ერაძე.

სპორტული ჟურნალისტიკის დღე მსოფლიოში 1920 წლიდან აღინიშნება. საქართველოში კი 1992 წლიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები