„მიწების უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული“-გვერძინეთის სკოლის დირექტორი
გვერძინეთის სკოლის დირექტორი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიხეილ კოჩალიძე ამბობს, რომ 2012 წლამდე თუ 80-მდე მოსწავლე ჰყავდათ, ახლა მათი რიცხვი 6-ს შეადგენს.

სკოლის დირექტორის თქმით, სოფელს ადგილობრივი მცხოვრებლები ტოვებენ და სხვა რეგიონში გადადიან. კოჩალაძე გვეუბნება, რომ მიწები სასულიერო პირებმა მიითვისეს, რამაც ძამას ხეობაში მიგრაცია გამოიწვია.

„ჩვენი სკოლა საბაზისოა, ცხრა კლასიანი. ამ დროისთვის 6 ბავშვი სწავლობს, ყველა გვერძნეთელია. შემდეგ მოსწავლეები სწავლას სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, ეს სოფელი 10 კილომეტრშია. თუ ზღუდერში არ წავიდნენ, მაშინ გადადიან ბათუმში ან თბილისში. ოჯახები მიდიან სოფლიდან. გვერძნეთიდან ოჯახებმა და შესაბამისად მოსწავლეებმაც, გადინება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყეს. 2012 წელს თუ 80 მოსწავლე მყავდა, დღეს მათი რიცხვი 6 - მდეა შემცირებული. შიდა მიგრაცია ხდება წალკაში, ბათუმსა და თბილისში. მიზეზი მცირემიწიანობაა. ოჯახები სასოფლო სავარგულებს ვერ ამუშავებენ, რადგან, მათი უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული. გვერძნეთში 7 წლის წინ, 45 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რაოდენობა 17-ია. დაცლილია ასევე სოფლები: კოდბაანი და წიფლოვანა. კოდბაანში 11 ოჯახი ცხოვრობდა, წიფლოვანაში 7 ოჯახი.”-აცხადებს კოჩალაძე.

ცნობისთვის, ძამას ხობიდან აჭარელი ეკომიგრანტების მიგრაციაზე გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ ქარელის ვიცე მერმა, ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარელი ეკომიგრანტები ხეობას იმიტომ ტოვებენ, რომ მათ სასულიერო პირები რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ.

ფაქტს უარყოფს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და მოადგილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. „ქართლის სტუდიაში" გაკეთებული განცხადების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები