ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ბანაკი გაიხსნა
„დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით სოფელ ზღუდერში 14-დან 25 წალმდე ახალგაზრდები 3 ივლისიდან 26 ივლისი ჩათვლით იცხოვრებენ. ბანაკი გუშინ საღამოს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

„ვაპირებთ ზღუდერში სულ 1 000 მდე ახალგაზრდა ჩამოვიყვანოთ. ეს სოფელი სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან ტერიტორიას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ამის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. „აღმოაჩინე საქართველო“ ასე ჰქვია ჩვენს პროექტს, რის ფარგლებშიც გავხსენით ბანაკები ახალგაზრდებისთვის.“ - გვითხრა დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენელმა ხატია სტეფანოვმა.

მისივე თქმით, ბანაკში დარეგისტრირება სოციალური ქსელის საშუალებით ხდება. გარდა ამისა, ორგანიზაციას საქართველოს ყველა ქალაქში წარმომადგენელი ჰყავს.

„ჩვენს ბანაკში მოსვლა ყველას შეუძლია, ვისაც ასაკი უწყობს ხელს. დაგეგმილი გვაქვს ასევე ექსკურსიები. პირველ დღეს ბავშვებს ყინწვისის მონასტერში, ორთუბანში და სარკინეთში წავიყვანთ, მეორე დღეს კი, ზოვრეთის მამათა მონასტერში.“ - აცხადებს სტეფანოვი.

გარდა ძამას ხეობისა, საგანმანათლებლო ბანაკები შიდა ქართლში, კიდევ ორ ლოკაციაზე იქნება. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში ბანაკი იმუშავებს 31 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში 16 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები