მამას არასრულწლოვანი შვილის დაჭრის ფაქტზე 1 წელი მიუსაჯეს
მამაკაცს, რომელმაც არასრულწლოვან შვილს ხელზე დანით ჭრილობა მიაყენა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლომ ძალაში დატოვა 2018 წლის 23 მაისს გორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროკურორ ნათია კაკულიას ინფორმაციით, რომელიც მან სასამართლოს განუცხადა, მამამ ჯერ ცოლს, შემდეგ არასრწულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შემთხვევა კასპის რაიონში მოხდა. საქმე გორის პროკურატურამ აწარმოა. სასამართლო პროცესზე შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, თუმცა, სასამართლომ ეს გარემოება უმნიშვნელოდ ჩათვალა.

სახაზინო ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ვერ დადგინდა, დაზარალებულმა შვილმა რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და მასზე ფიზიკურად იძალადა თუ არა მამამ, რადგან არასრულწლოვანმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი საქმეში არ არსებობს.

ფოტოზე: პროკურორი ნათია კიკალია

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები