გორში 10 ივლისს ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნება
10 ივლისს გორში ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას სახელობის მოედანი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ზაზა ფაჩულია 17 საათზე საჩვენებელ თამაშსაც გამართავს. ქართლი.ჯიმ სტადიონის მშენებლობის პროცესი დღეს დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ გახსნამდე მუშები სამუშაოების დასრულებას ვერ ასწრებენ:

,,როგორც ხედავთ, დარჩენილია, მხოლოდ ღობეები, რომელიც სტადიონის გახსნიდან მალე დასრულდება." - აცხადებენ მუშები.

ფაჩულიას სახელობის სტადიონის გახსნის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაც ავრცელებს: ,,ზაზა ფაჩულია ჩამოვა გორში. როგორც იცით, მისი სახელობის მოედანი გვაქვს უკვე ქალაქში და ამასთან დაკავშირებით 17:00 სთ-ზე მოეწყობა ღონისძიება." - აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მოედანი მდებარეობს, გორში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მეორე და მესამე კორპუსებს შორის.

გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციაპლიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია "გალფის" ერთობლივი ჩართულობით აშენდება. "მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი." - წერდა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი 2018 წლის 11 დეკემბერს.

მისი განცხადებით, საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციაპლიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია "გალფის" ერთობლივი ჩართულობით აშენდება.

,,როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. გორი, თბილისის შემდეგ, პირველი ქალაქია, სადაც მშენებლობის დაწყების მიზნით კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო და ეს დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის შემდგარი თანამშრომლობა სწორედ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით შედგა. ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გორში ექსპლოატაციაში მომავალ წელს შევა"- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები