რუისელმა პედადოგმა გორში გამოცდაზე ტრანსპორტის არარსებობის გამო დააგვიანა
გორის საგამოცდო ცენტრში მიმდინარე პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე დღეს ერთ-ერთ პედაგოგს დააგვიანდა.

რუისის საჯარო სკოლის რუსული ენის პრაქტიკოსი მასწავლებელი საგამოცდო ცენტრში იმ დროს მივიდა, როდესაც აპლიკანტების რეგისტრაცია დასრულებული იყო. მიზეზად, სოფლიდან გორამდე, ტრანსპორტის არარსებობა დაასახელა.

რუსული ენის სპეციალისტმა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს თინათინ გვერდწითელს უთხრა, რომ რუისიდან გორის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ავტობანიდან გორში დროულად ჩასვლა ამიტომ გაუჭირდა.

,,რუისიდან გორამდე პირდაპირი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ავტობანზე ვცდილობდი გორის გადასახვევამდე რამეს გავყოლოდი. არავინ გააჩერა. არც ტაქსი იყო. მე არავისთან პრეტენზია მაქვს. ძალიან ვნერვიულობ" - გვითხრა პედაგოგმა.

როგორც საგამოცდო ცენტრის დირექტორმა qartli.ge-ს განუმარტა, აღნიშნულ მიზეზს საპატიოდ ვერ ჩათვლიდნენ და პედაგოგი გამოცდაზე არ დაუშვეს.

qartli.ge დაუკავშირდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს. პრე-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ნებისმიერი აპლიკანტი, რომელიც რეგისტრაციაზე დააგვიანებს, გამოცდაზე ავტომატურად აღარ დაიშვება. ყოველივე ეს კი, ეროვნული გამოცდების დებულებითაა განსაზღვრული.

,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ აპლიკანტებს გამოცდის წესებთან დაკავშირებით. გამოცდის დაწყებამდე მათ ერთი საათი აქვთ რეგისტრაციისთვის. მთავარია აპლიკანტმა რეგისტრაცია მოასწროს. ის, ვინც რეგისტრაციას ვერ გაივლის, გამოცდაზეც არ დაიშვება და მომავალ წელს, ხელახლა მოუწევს გასვლა. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტმა რეგისტრაცია გაიარა და, მაგალითად, გამოცდის პერიოდში სამედიცინო დამხარება დაჭირდა, დაკარგული დრო ემატება გამოცდის დროს."- გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, გარდა დაგვიანების ფაქტისა, გორის საგამოცდო ცენტრში დღეს 55 აპლიკანტი არ გამოცხადდა, სულ კი, 399 იყო რეგისტრირებული.

პრაქტიკოსი მასწავლებელები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები