გორის მერია: ,,კახეთიდან კომბაინები ჩვენსკენ მოემართება"
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორბლისა და ქერის ასაღებად 45 კომბაინი ჭირდებთ. ამის შესახებ Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. აგრარული საკითხების კომისიის თავმჯდომარის, მერაბ მელანაშვილის თქმით, 45 კომბაინიდან, 30 კომბაინი უკვე შიდა ქართლშია:

,,დანარჩენი 15 კომბაინი უკვე გზაშია. დღესაც ვიყავი თბილისში და რამდენიმე კომბაინი შემხვდა" - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.

მელაშვილის ცნობით, მოსავლის დროულად აღებისათვის საჭიროა 45 ერთეული კომბაინი და 60 – 70 თვითმცლელი ავტომანქანა, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. საჭირო იქნება ფერმერებმა და მიწის მესაკუთრეებმა წესრიგში მოიყვანონ ნათესებამდე მისასვლელი გზები და ხიდ-ბოგირები. მკაცრად დაიცვან სახანძრო უშიშროების წესები, რასაც უკანასკნელ წლებში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

გასული 2018 წლის შემოდგომით მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, მსხვილმა მოიჯარეებმა და მოსახლეობამ 1720 ჰექტარზე დათესეს საშემოდგომო ხორბალი და ქერი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე დათესილია 3700 ჰექტარი ქერი და 320 ჰა ხორბალი, ასაღებია სულ 5740 ჰა თავთავიანი მარცვლეული კულტურები.

წინასწარი პროგნოზით გათვალისწინებულია რომ მიღებულ იქნეს ჰექტარზე საშუალოდ 35 ცენტნერი ხორბალი, 25 ცენტნერი ქერი. რაც გასულ წელთან შედარებით ხორბალი 8 ცენტნერით და ქერი 5 ცენტნერით მეტია. თავთავიანი მარცვლეულის ნათესებს კარგად მოუარეს შავშვების, ზეღდულეთის, ვარიანის, შინდისის, ძევერის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალ სოფლებში მცხოვრებმა ფერმერებმა და მოსახლეობამ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები