უფლისციხეში მოვაჭრეებმა გაფრთხილების წერილები მიიღეს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მყოფმა მოვაჭრეებმა გაფრთხილების წერილი მიიღეს. ამის შესახებ ქართლი.ჯი-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა აცნობა.

მისი თქმით, ტერიტორიის დატოვება პარკინგის მოწყობის მიზნით მოსთხოვეს. საუბარია კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ფართზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები პროდუქციას ყიდიან.

გაფრთხილების წერილები გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მისცეს. მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაფრთხილების წერილები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაარიგეს:

,,ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მოგვივიდა წერილი, რომლითაც მათ კუთვნილ ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ჩვენმა სამსახურმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებით, ტერიტორიიდან მათ გაყვანას არავინ აპირებს. პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად." - აღნიშნავენ მერიის პრეს-სამსახურში.

იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეები ტერიტორიას დაახლოებით ერთი თვის ვადაში არ დატოვებენ, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

საკითხის გასარკვევად, კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ტერტიტორია სააგენტოს საკუთრებაშია:

,,ჩვენი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ადამიანი," - გვიპასუხა მან კითხვაზე - ავტომანქანების პარკინგი უფრო მნიშვნელოვანია თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ვაჭრობენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის შესასვლელი ტერიტორია მოაწესრიგა. ჩაუტარდა რეაბილიტაცია ავტომანქანების სადგომს. პროცესი, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დღემდე ვერ დასრულდა. ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სასამართლოში დაიწყო იმის გამო, რომ ავტოსადგომი მათ კუთვნილ ნაკვეთზე მოაწყეს.

,,სადავო ტერიტორია ამჟამად დაყადაღებულია. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ტერიტორიის იჯარით გაცემა. " - აცხადებს მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები