გორის ტურიზმის ცენტრის ცნობით ტანას ხეობაში 12 საოჯახო სასტუმროა
„ტანას ხეობაში 12 საოჯახო ტიპის სასტუმრო მიიღებს მსურველებს,“-ამის შესახებ qatli.ge-ს გორის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ატენიდან ბოშურამდე მდებარე სასტუმროების ფასი, ერთ პერსონაზე, 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.

„პროვაიდერთა ბაზაში მხოლოდ 6 სასტუმროა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით საერთო ჯამში დაახლოებით 12 სასტუმრო მუშაობს.“-გვითხრა მაღლაკელიძემ.

გორის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროვაიდერთა ბაზაში ის სასტუმროები მოხვდა, რომელთა მფლობელებმაც სურვილი გამოთქვეს.

„პროვაიდერთა ბაზაში მოხვედრის პრივილეგია ისაა, რომ ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია მათ გადამზადებას სრულიად უსასყიდლოდ ახდენს. მომხმარებელთა მომსახურების და მენეჯმენტის კუთხით. უკვე 12 ტრენინგი ჩატარდა. გარდა ამისა, სასტუმროების შესახებ ფლაერებს ვახვედრებთ საინფორმაციო ცენტრში მოსულ ტურისტებს და იქ განთავსებას ვთავაზობთ. “-ამბობს რობერტ მაღლაკელიძე.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ვებ გვერდის შექმნა იგეგმება, სადაც პროვაიდერთა ბაზაში არსებული სასტუმროების ნახვა და დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მაღლაკელიძის სურვილია ტურისტული გზამკვლევი გამოიცეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები