გენინსპექციამ პოლიციელების საქმის შესწავლა დაასრულა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლების - რამაზ გრიგალაშვილისა და ალექსანდრე ოხანაშვილის მიმართ, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა. ამის შესახებ სამართლებრივი დევნის განყოფილების უფროსმა რედაქციას წერილობით აცნობა.

წერილის მიხედვით, გენსინსპექციამ პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ვერ დაადგინა.

საქმე  qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს ეხება. 11 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისულ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს, ტერიტორია კი, იძულებით დაატოვებინეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტმა გენერალურ ინსპექციას გაუგზავნა.

ერთთვიანი ძიების შემდეგ Qartli.ge-ს რედაქტორმა უწყებიდან წერილი მიიღო, სადაც ვკითხულობთ: "შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურეობრივი შემოწმება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ შს სამინისტროს მოსამსახურეები და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გორის რაიონულ სამმართველოდან. შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა".

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ საბა წიწიკაშვილი აპირებს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ორგანოში, შსს ხელმძღვანელობასთან დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, სახეზეა გენინსპექციის თანამშრომლების გულგრილობა და მოვითხოვთ ახალი გადაწყეტილების მიღებას, რაც შეეხება პროკურატურას სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა უწყებას, სადაც გამოძიება უკვე მიმდინარეობს" - აცხადებს ჟურნალისტი.

საინფორმაციო სააგენტო qartli.ge-მ მოახდინა იდენთიფიცირება იმ პოლიციელების, რომლებმაც საბა წიწიკაშვილს პროფესიული მოვალების შესრულების დროს ხელი შეუშალეს. ეს პილიციელები არიან ალეკო ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები