ალექსი მერებაშვილი - ,,აუცილებელია დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობა შსს-ში"
,,ამით დასტურდება, რომ გენერალური ინსპექცია არ არის დამოუკიდებელი ორგანო და არაეფექტური უწყებაა" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა განაცხადა. ის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც გორის შს სამმართველოს თანამშრომლების მიმართ გენინსპექციამ მიიღო.

გენინსპექციამ პოლიციელების - რამაზ გრიგალაშვილისა და ალექსანდრე ოხანაშვილის ქმედებებში დისციპლინური გადაცდომის ნიშნები ვერ დაადგინა. საქმე ქარტლი.გე-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს ეხება. 11 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისულ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს, ტერიტორია კი, იძულებით დაატოვებინეს. ავარია პოლიციის მაღალჩინოსნის მანქანას შეემთხვა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტმა გენერალურ ინსპექციას გაუგზავნა. ჟურნალისტი იურისტთან ერთად დაკითხეს.

"გამოკითხვაზე მისულებს დამოკიდებულება დაგვხვდა ისეთი, რომ არ აპირებდნენ ამ საქმეზე მოკვლევის დაწყებას და პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას. ჩვენი ეჭვი ამაზე თავდიანვე გამოვთქვით. ზოგადად გენერალური ინსპექცია ამ კუთხით უუნარო და არაეფექტურია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად ამოქმედება. ვიდეო არის მთავარი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეეძლო გენერალური ინსპექციას ემსჯელა საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მათ არასაკმარისად ჩათვალეს ეს ვიდეო მტკიცებულება და არასწორად შეაფასეს, რადგან დამნაშავე პოლიციელები არ დაესაჯათ. ამ ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ხელს უშლიან ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, ჩანაწერიდან იდენტიფიცირებაც არის შესაძლებელი იმ პოლიციელების, რომლებიც საბა წიწიკაშვილს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, სამართალდამცველებს სურდათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ გახმაურებულიყო." - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები