ქარელის დეპუტატი ,,მდუმარე პარლამენტარების" რიცხვში მოხვდა
ქარელის მაჟორიტარ დეპუტატი გიორგი თოთლაძე ,,მდუმარე დეპუტატების" სიაში მოხვდა. ამის შესახებ კვლევა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს 12 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, თოთლაძეს, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოუყენებია.

კვლევა მოიცავს 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას ეხება, რომელიც პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კანონმდებელ თოთლაძეს დაუკავშირდა. ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი კვლელვაში საკუთარი გვარის მოხვედრას აპროტესტებს.

"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მე პლენარულ სხდომაზეც მიმიმართავს ჩემი კოლეგებისთვის და მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე მიმუშავია რამდენიმე კანონპროექტზე და წარმიდგენია კომიტეტებში. არ ვიცი, რატომ მოვხვდი მდუმარე დეპუტატების სიაში." -აცხადებს გიორგი თოთლაძე.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი თოთლაძე ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანს ესაუბრა:

,,ვესაუბრე ლიკა ქაჯაიას და ბოდიში მომიხადა იმისთვის, რომ ჩემი გვარი 16 დეპუტატს შორის მოხვდა. დეტალებს ვაზუსტებთ და დარწმუნებული იყავით, რომ ორგანიზაცია ჩემ გვარს სიიდან ამოიღებს." - აცხადებს გიორგი თოთლაძე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივანს ლიკა ქაჯაიას დაუკავშირდა.

"მე, გიორგი თოთლაძესთან, არ მისაუბრიდა. ამ საკითხზე ანრი ოხანაშვილმა დამირეკა. კვლევა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა. ეს დოკუმენტები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა მოგვაწოდა. გიორგი თოთლაძისთვის, ცხადია, ბოდიში არ მომიხდია და არც მისი სიიდან ამოღებას ვაპირებთ, რადგან ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა" - აცხადებს ლიკა ქაჯაია.

შიდა ქართლიდან გიორგი თოთლაძის გარდა კიდევ ერთი მაჟორიტარი სოსო მაკრახიძე მოხვდა იმ 16 დეპუტატს შორის, რომლებსაც 2018 წელს საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოუყენებიათ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს გორის მაჟორიტარი არ პასუხობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები