ცხინვალში შპიონაჟის ბრალდებით ექს-ჩინოვნიკთან ერთად სამი პირი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ,,შპიონაჟის" ბრალდებით, ექს-ჩინოვნიკთან ერთად, კიდევ სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

დაკავებულები არიან სერგეი ლიპინის მეუღლე - ნანული ჭულუხაძე, ასევე, ძმები - ქრისტეფორე და რუდოლფ თედეევი. სერგეი ლიპინინს კი, უფრო ადრე წაუყენეს ბრალი.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიპინი და მისი მეუღლე საქართველოს პრეს-სამსახურების წარმომადგენლებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდნენ. ეს ინფორმაცია ძმები თედეევების კომპიუტერული ქსელის მეშვეობით გადაეცემოდა - ასეთია არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პოზიცია.

სასამართლომ დაკავებულებს 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ლიპინმა აღიარა 2006 წელს, სოფელ ერედვში, ქართველ სპეცსამსახურებთან შეხვედრის ფაქტი, სადაც ის მეუღლის ნათესავებს შეხვდა.

ცხინვალის ,,კაგებე" ამტკიცებს, რომ ლიპინინს შეეძლო ე.წ. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოგროვება, რომელსაც ის ტელეფონით, ან პირადი შეხვედრების მეშვეობით გადასცემდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ლიპინის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.


იხ. ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები