ცხინვალში გახსნილ ,,შპიონაჟის საქმეში" ნივთმტკიცებად ,,მაგთიფიქსი" ფიგურირებს
ცხინვალში შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ პირებს ,,მაგთიფიქსის" ტელეფონი უპოვეს. ამის შესახებ ფოტოებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიასაშუალება ,,ირ" ავრცელებს.

,,ირის" მიერ გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები ქართველ სპეცსამსახურებს, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უკავშირდებოდნენ ტელეფონით ან პირადად ხვდებოდნენ.

დაკავებულები არიან დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის თანამშრომელი სერგეი ლიპინი, მისი მეუღლე ნანული ჭულუხაძე, ასევე, ძმები ქრსიტეფორე და გიორგი თედეევები. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ ძმებ თედეევებს ცხინვალში კომპიუტერული ცენტრი ,,ჰაი ტექი" ჰქონდათ გახსნილი, რომლის  მომსახურებით უამრავი ადამიანი სარგებლობდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიპინი და მისი მეუღლე საქართველოს პრეს-სამსახურების წარმომადგენლებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდნენ. ეს ინფორმაცია ძმები თედეევების კომპიუტერული ქსელის მეშვეობით გადაეცემოდა - ასეთია არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პოზიცია.

სასამართლომ დაკავებულებს 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ლიპინმა აღიარა 2006 წელს, სოფელ ერედვში, ქართველ სპეცსამსახურებთან შეხვედრის ფაქტი, სადაც ის მეუღლის ნათესავებს შეხვდა.

ცხინვალის ,,კაგებე" ამტკიცებს, რომ ლიპინინს შეეძლო ე.წ. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოგროვება, რომელსაც ის ტელეფონით, ან პირადი შეხვედრების მეშვეობით გადასცემდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ლიპინის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები