გორში ნიკო ლომოურის ძეგლზე დაზიანებული ცხვირი ბეტონით ამოავსეს
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, ნიკო ლომოურის დაზიანებულ ძეგლის აღსადგენად ბეტონის ნარევი გამოიყენეს.

ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირებმა მონუმენტს ცხვირი მოამტვრიეს, ამჯერად კი, დაზიანებული ადგილი ბეტონით ამოავსეს.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაზიანებული ცხვირის აღსადგენად ბეტონის ნარევი მათ არ გამოუყენებიათ.

ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურის ძეგლი მისსავე საფლავზეა აგებული.

ნიკო ლომოური დაიკრძალა გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში, მაგრამ 1920–იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი გადაასვენეს ,,ახალბაღში".

,,უიღბლო აღმოჩნდა მწერლის საფლავი, ჯერ იყო და მისი პირვანდელი განსასვენებელი ტაძარი განადგურდა და გადმოსვენდა ახალბაღში, შემდეგ 1982 წელს მის საფლავზე დადგმული შესანიშნავი სპილენძის ქანდაკება–სავარძელში მჯდარი ნიკო ლომოური– ბნელ 1990–იან წლებში ვანდალებმა გაანადგურეს და მოიპარეს. XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე დადგმული ეს ახალი, ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბიუსტიც არ დაინდეს და ცხვირი მოამტვრიეს" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები