ოსებმა ,,ხეთაგობა" აღნიშნეს - ლეგენდა ხეთაგის ვასთირჯის შესახებ
ყოველი წლის ივლისის მეორე კვირას ოსები სახალხო დღესასწაულს ,,ხეთაგობას" (ხეთაგის ვასთირჯს - ხეთაგის წმ. გიორგი) აღნიშნავენ. წელს ეს დღესასწაული, 14 ივლისს, კვირას, გაიმართა.

ლეგენდის თანახმად, ხეთაგი ქრისტიანობისთვის იდევნებოდა და გადარჩა იმის გამო, რომ ტყეს შეაფარა თავი. ეს ტყე ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს და წმინდა ადგილად ითვლება.

ხეთაგმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე და დატოვა სახლი. გზაზე გამოედევნენ. ხეთაგმა ღმერთს შველა სთხოვა. ზეციდან ხმა მოესმა, რომ თავი ტყეს შეეფარებინა. თუმცა, იმის საშუალება აღარ ჰქონდა, რომ ტყემდე მიეღწია.

მტრები ახლოს იყვნენ, უფალს სთხოვა - ,,ტყე მოვიდეს ჩემთან, უფალო!" უცბად, ტყე გაჩნდა იქ, სადაც ხეთაგი იდგა. ასე გადაურჩა სიკვდილს.

ამ დღის შემდეგ ეს ტყე წმინდად ითვლება. მეორე მსოფლიო ომამდე ტყეში, მხოლოდ, მამაკაცები შედიოდნენ სალოცავად, ხოლო ომის დროს მანდილოსნები შევიდნენ, რათა ღმერთისთვის დახმარება ეთხოვათ  ბრძოლის ველზე წასული მეომრებისთვის.

ხეთაგის შთამომავლები - ოსური მითოლოგიის მიხედვით

ხეთაგ-ი (ოს. Хетæг) – გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ხეთაგუროვებისა და ნარის ქვაბულის მკვიდრთა ლეგენდარული პირველწინაპარია. ერთი ვარიანტით, იგი ყაბარდოელი თავადის – ინალის შვილი, სხვა ვარიანტით – შვილიშვილი იყო. თავის ძმებთან – ბიასლანთან და ისლამთან დაპირისპირებული ხეთაგი ვაჟიშვილებთან (უვიჯიყო და ენალდიყო) ერთად ცენტრალურ კავკასიაში გაიქცა. დადევნებულმა ძმებმა მოკლეს ძმისშვილები, მაგრამ თავად ხეთაგი ვერ მოიხელთეს: ქანცგაწყვეტილ ხეთაგთან ტყის კორომი თავად მოვიდა და შეიფარა [სოფ. საუდაგთან ახლომდებარე კორომს ხეთაჯი ვასთირჯი (Хетæджы Уастырджи – "ხეთაგის წმ. გიორგი") ეწოდა. აქ მკის დაწყების წინ მახლობელი სოფლების მცხოვრებლები ხეთაგის თაყვანსაცემად ყოველწლიურად მოდიოდნენ. – "ხეთაჯი ძუარი". კორომში მოღონიერებულმა ხეთაგმა გზა ნარის ქვაბულისკენ განაგრძო. იგი თავიდან სოფ. ცმიში (სხვა ვარიანტით, სლაში) შეჩერდა, ცოლად ვინმე ბუგულაევის ქალიშვილი შეირთო და მდინარეების – გურქუმთიდონისა და ზაყადონის შეერთების ადგილთან ახლოს სოფ. ნარი დააარსა.

გადმოცემით, ხეთაგს ჰყავდა ვაჟი – ჯევარჯი, ამ უკანასკნელს კი – მამია და მამი. მამიას ვაჟებად ითვლებიან – გოცი, ჯირი, ბრანცი და ჯანაი. მათ სახელებს უკავშირდება ჯიოევის, ბრანცევის და ჯანაევის გვარები. ძიდახანოვის, ბალაევისა და ოთაროვის გვარების დამაარსებლად გოცის შვილები (ძიდა, ზასა და ოთარა) ითვლებიან, ხოლო ენალდიევის გვარისა – მამიას ვაჟი – ენალდი.

მამის ვაჟებისაგან (ქოზირი, სეკო, ძუა) იღებენ სათავეს ქოზირევის, საუთიევის და მამიევის გვარები.

სხვა ცნობით, ხეთაგს ჰყავდა ორი ცოლი; ერთისგან ეყოლა ზემონახსენები ჯევარჯი, მეორისგან – გაჯი, რომლის ვაჟები იყვნენ გუბა, ნოღაი და თოთი (დააფუძნეს გვარები: გუბაევი, ნოღაევი და თოთიევი). ზემოაღნიშნული გვარები და მათი განშტოებები თავიანთ წინაპრად ხეთაგს მიიჩნევენ. საინტერესოა ითქვას, რომ ამ მრავალრიცხოვანი ნათესაური გაერთიანებისათვის დამახასიათებელია ენდოგამიური ქორწინება, რაც ოსებში ძალზე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.

1994 წლიდან სახელმწიფო დღესასწაულია ალანიაში და ოფიციალურ დონეზე აღინიშნება ეს დღესასწაული. ხეთაგის დღე 13 ჰა-ს მოიცავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები