რკონის გზაზე სატვირთო მანქანა გზიდან გადავარდა - დაიღუპა მამაკაცი
ტრაგედია მოხდა კასპის რაიონში. ქვით დატვირთული მანქანა გზიდან გადავარდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ავტომანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და გარდაიცვალა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა. მეორე მამაკაცი გადარჩა და გადაყვანილია საავადმყოფოში.

გარდაცვლილია 45-წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ სამშენებლო ქვა მიჰქონდა. შემთხვევა რკონი-ერთაწმინდის გზაზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

,,ეს კაცი შემღუდებლად მუშაობდა. ჰყავს მეუღლე, თუმცა შვილები არ ჰყავს. არც მშობლები. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანით გადავარდა და საჭესთან იჯდა. სხვა დეტალები უცნობია. საიდან ან სად მიჰქონდა ქვა, ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს" - აცხადებს სოფელ ახალქალაქის თემის წარმომადგენელი კონსტანტინე წერეთელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები