Qartli.ge-ს რედაქტორი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Qartli.ge-ს რედაქტორი შიდა ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საბა წიწიკაშვილი შალვა თადუმაძის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ის პროკურორს 10 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტის დეტალებს უამბობს და იმ მასალებს წარუდგენს, რომელიც მისთვის, პოლიციელების მიერ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ასახავს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სახალხო დამცველი აპარატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით დაიწყო, ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს სამართალდამცველებმა ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც პოლიციელებმა მას პროფესიული საქმიანობა შეუზღუდეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

ავარიის დროს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომობილი. წიწიკაშვილმა გამოძიების თხოვნით გენერალურ ინსპექციას მიმართა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები