Qartli.ge-ს რედაქტორის გამოკითხვა 5 საათი გაგრძელდა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის გამოკითხვა შიდა ქართლის პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წიწიკაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის გამომძიებელს დედატლურად უამბო 10 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები და იმ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა, რა მუხლითაც საქმეს პროკურატურა იძიებს.

წიწიკაშვილის განცხახებით, საქმე არა თანამდებობის ბოროტად გამოყენების, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით უნდა გაგრძელდეს.

,,დეტალურად ვუამბე ყველაფერი, რაც 10 ივნისის ღამეს მოხდა. აინტერესებდათ ყველა წვრილმანი. მე ვუთხარი, რომ შემეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ვთვლი, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს. პროკურატურის გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოხდება საქმეში მონაწილე პირების გამოკითხვა და მოგვიანებით, არ არის გამორიცხული რომ მუხლი შეიცვალოს.“-განაცხადა წიწიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით დაიწყო, ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს სამართალდამცველებმა ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც პოლიციელებმა მას პროფესიული საქმიანობა შეუზღუდეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

ავარიის დროს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომობილი. წიწიკაშვილმა გამოძიების თხოვნით გენერალურ ინსპექციას მიმართა


Print

სტატიის გამოყენების პირობები